ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა იყო, სანამ ელექტრონული წიგნის კითხვა მხოლოდ კომპიუტერებში იყო შესაძლებელი. მიუხედავად ნაბეჭდი წიგნის მაღალი ფასისა მის ელექტრონულ ვერსიასთან შედარებით, მკითხველისთვის კიდევ უფრო ფასეულს მისი საკუთარი მხედველობა წარმოადგენდა. ელექტრონული წიგნების საკითხავი (e-book reader) ტექნიკის გამოგონებამ საქმე რადიკალურად შეცვალა. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ისინი თვალების გადაღლას არ იწვევს, ამასთან არ აქვს გამოსხივება, როგორც კომპიუტერებს, შესაბამისად, კომფორტულობით ნამდვილ წიგნს თითქმის არ ჩამოუვარდება.
პლანშეტური კომპიუტერები წიგნის წამკითხავი ფუნქციით შორეულ 90-იანებში გამოიგონეს, თუმცა ტექნოლოგიურად ისინი არც ისე დახვეწილი იყო, საკმაოდ ძვირიც ღირდა და ამიტომ საზოგადოებაში ფართოდ არც გავრცელებულა. სულ სხვა საქმეა ახალი თაობის "რიდერები": Sony Reader, Amazon Kindle, Nook (Barnes & Noble)... მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაღაზია ამაზონის მონაცემებით ელექტრონულმა წიგნებმა უკვე გაუსწრეს გაყიდვებით სქელყდიან წიგნებს, ხოლო ამ წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ რბილყდიანებსაც უკან მოიტოვებენ.
მართლაც, ელექტრონულ წიგნებს მათ ნაბეჭდ ვერსიებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა გააჩნიათ. პირველ რიგში, ალბათ ის, რომ მათი წარმოება ნაკლებ რესურსს მოითხოვს და უამრავ ხეს არ ანადგურებს. ამიტომ, ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს მათი წარმოებით ნაბეჭდი წიგნების ჩანაცვლება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. ელექტრონული წიგნების ექსპანსია ჯერჯერობით არააგრესიული, არასავალდებულო გზებით ვრცელდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტრონულ წიგნს არ ძალუძს იყოს ნაბეჭდის ღირსეული კონკურენტი?როდესაც ელექტრონული წიგნის "საკითხავის" უარყოფით მხარეზე საუბრობენ, ყოველთვის ახსენებენ ხოლმე მის ფასს. Amazon Kindle 3 - 140 ამერიკული დოლარი ღირს, სონი-ს "რიდერი" კი უფრო ძვირი - ასიოდე ერთეულით მეტი. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი ფასია 15-30 ლართან შედარებით, რომელიც წიგნის საშუალო ფასია ჩვენს მაღაზიებში. თუმცა ელექტრონული წიგნის წამკითხავში გადახდილი თანხა კარგი დაბანდებაა იმ მხრივ, რომ ეს ერთჯერადი გადასახადია, თავად ელექტრონული წიგნის ფასი კი მიზერულია ნაბეჭდის ფასთან შედარებით. უფრო მეტიც, უფასო წიგნის მოძებნა ინტერნეტის ქსელში სრულიად მარტივი საქმეა, მთავარია შეხვიდე lib.ge-სა ან სხვა მსგავს ვებ-გვერდებზე, გააკეთო ტექსტის ასლი და ელექტრონული წიგნების წამკითხავში ჩატვირთო. ასე რომ, "რიდერის" ფასი მისი ძლიერი მხარეა, თუნდაც საუბარი სონი-ს პროდუქტზე იყოს. თანაც, ასეთ თანხას მხოლოდ იმაში არ იხდი, რომ წიგნები იკითხო. მაღალი ფასი სხვა ფუნქციების არსებობითაც არის განპირობებული. მაგალითად, ელექტრონული წიგნის წამკითხავს შეიძლება ჰქონდეს თამაშები, მუსიკის mp3 ფორმატში დაკვრის, სურათების შენახვის შესაძლებლობა. თუმცა მუსიკის მოსასმენად "რიდერის" შეძენა არ ღირს, ამისთვის სხვა, ნამდვილად უფრო დახვეწილი ტექნიკაც არსებობს.
სამაგიეროდ, წიგნების წასაკითხად უკეთეს ელექტრონულ საშუალებას ვერ მოძებნით. "რიდერს" აქვს არა თხევადკრისტალური, არამედ ელექტრონული ქაღალდის ტიპის ეკრანი, რომელიც თვალებს გადაღლისგან იცავს და კითხვის პროცესს კომფორტულს ხდის. სონი-მ ის კიდევ უფრო გაათანამედროვა, როდესაც სენსორული გახადა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ტექსტის ეკრანთან კონტრასტის შემცირების ხარჯზე მოხდა. სამაგიეროდ, "რიდერებს" აქვთ განათება, რომელიც შესაძლებელს ხდის წიგნის სიბნელეში წაკითხვას. თუმცა ეს მხარეები წვრილმანია იმასთან შედარებით, რის საშუალებასაც ელექტრონული წიგნის "საკითხავი" იძლევა.
თუ თქვენ კითხვის მოყვარული ხართ (სხვანაირად ალბათ ამ სტატიის კითხვასაც არ დაიწყებდით), თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როდესაც კურორტზე გამგზავრების წინ ჩემოდნიდან საყვარელ ჯინსს იღებ იმისთვის, რომ ბარგს ერთი-ორი ზედმეტი წიგნი დაამატო. ახლა წარმოიდგინეთ, ამაზონის "ქინდლი" მხოლოდ კილოგრამის მეოთხედს იწონის, მისი მეხსიერება კი სრულიად საკმარისი გახლავთ იმისათვის, რომ სამი ათას წიგნამდე დაიტიოს. მაშასადამე, "რიდერის" საშუალებით ჩვენ შეგვიძლია თან უზარმაზარი ბიბლიოთეკა ვატაროთ, რომლის წაკითხვაც არა ერთი მოგზაურობის, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი არარეალური ამოცანაა. ამასთან, მათთვის, ვისაც უცხოური წიგნების კითხვა ორიგინალში უყვარს, "რიდერს" განსაკუთრებით სასიამოვნო ფუნქცია გააჩნია - ის უბრალოდ კი არ თარგმნის ნებისმიერ სიტყვას, არამედ გაძლევს მის განმარტებასაც. განსაკუთრებით მოვიხიბლე საძიებო სისტემით - რამდენჯერ მინატრია ნაბეჭდი წიგნის კითხვის დროს, რომ მას სიტყვის პოვნის ისეთივე ფუნქცია ჰქონოდა, როგორც კომპიუტერებს. "რიდერები" კითხვას ამ მხრივაც მოსახერხებელს ხდის - საკმარისია მხოლოდ სურვილი და წიგნის ნებისმიერ მონაკვეთს წამებში მონახავ. ამას, დამეთანხმებით, ყველაზე სრულყოფილი სარჩევიც კი ვერ შეედრება.
ინტერნეტთან კავშირი, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ფუნქცია მხოლოდ დამატებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. აქ კი ელექტრონული წიგნის წამკითხავის ძლიერი მხარეები მთავრდება და ვაწყდებით იმ სისუსტეებსაც, რომლებსაც ტექნიკის მიღწევებით ჯერჯერობით ვერ უმკლავდებიან. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ "რიდერი" ვერ კითხულობს ელექტრონული დოკუმენტების ყველანაირ ფორმატს, მასში ძალიან მოუხერხებელია PDF-ის წაკითხვა, შესაბამისად, ტექსტების კონვერტაცია არცთუ მცირე დროს წაგართმევთ. ასევე არ არის სასიამოვნო მონაცრისფრო ფურცელზე მუქ ნაცრისფრად დაწერილი ტექსტების კითხვა და არც ფერად ილუსტრაციებს აჩვენებს ყველა "საკითხავი". ამასთან, ნაბეჭდ წიგნთან შედარებით ეს მოწყობილობა ძალიან მყიფეა, რაც სკოლებში ამ უკანასკნელის შეტანის იდეას არამიმზიდველს ხდის (ისე კი, პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა სპეციალური მაგარი ყდის შეძენით შეიძლება). ადვილად მტვრევადობასთან ერთად, გახსენდება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობაა, რომელსაც ფუნქციონირებისთვის ენერგია სჭირდება და ბატარეამ სრულიად შეუფერებელ მომენტში შეიძლება გიმტყუნოს (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბატარეა ძალიან დიდხანს ძლებს და მკითხველს თავს ერთი თვე მაინც არ ახსენებს).
ალბათ ინტერესს მოკლებული არ იქნება ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც მეცნიერებმა ნაბეჭდი წიგნის და პლანშეტური კომპიუტერების შედარების მიზნით ჩაატარეს. ექსპერიმენტი უახლესი არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასში ჩართული ტექნიკა წიგნის წაკითხვის მხრივ არც ისე საგრძნობლად გაუმჯობესებულა, შედეგები ახლაც აქტუალური უნდა იყოს. ერთმანეთს შეადარეს Apple-ის პირველი თაობის iPad, "ქინდლი 2" და ჩვეულებრივი, ნაბეჭდი წიგნი. ექსპერიმენტში მონაწილეებს მისცეს ჰემინგუეის რომელიღაც მოთხრობა, რომლის წასაკითხად საშუალოდ 17 წუთი და 20 წამი იყო საჭირო. აღმოჩნდა, რომ ნაბეჭდ წიგნთან შედარებით, iPad-ში კითხვის სიჩქარე 6,2 პროცენტით მცირე აღმოჩნდა, როცა "ქინდლმა" მთელი 10,2 პროცენტით "წააგო". ეს შესაძლოა ჩვევის ფაქტორმაც განაპირობა - ადამიანისთვის უფრო ბუნებრივია ნაბეჭდი წიგნების კითხვა, თანაც კომპიუტერი სამუშაოსთან ასოციაციებს აღძრავს, რაც ნაკლებად იძლევა რელაქსაციის საშუალებას. ამერიკელმა მკვლევარებმა პრინსტონიდან ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ელექტრონული "რიდერები" ადამიანებში "ზარმაცი ტვინის" ეფექტს წარმოშობს. მათი არგუმენტები გაუგებარი მომეჩვენა, რადგან ამის მიზეზად ტექსტის ზედმეტად სრულყოფილ შრიფტს და ზოგადად, გარეგნობას ასახელებენ, რაც თითქოს ტვინს აიძულებს ის ნაკლები მნიშვნელობის ინფორმაციად აღიქვას.
No comments:
Post a Comment