Monday, February 5, 2024

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები (ლიკა ვახანია)

                                                 ღრუბლოვანი ტექნოლოგიები


       

როცა ადამიანი პერსპექტიული ბიზნესის დაწყებას გეგმავს, მას ყველა მოთხოვნა და შესაბამისი ხარჯები ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს:

  • საოფისე ფართი ელექტროენერგიით, კონდიცირებით და გათბობით;
  • საოფისე ავეჯი და საკანცელარიო საქონელი;
  • თანამშრომლები და მათი ხელფასები;
  • საოფისე კომპიუტერები და მათი პროგრამული უზრუნველყოფა (Ms Windows, Ms Office, Adobe Premiere, AutoCAD და ასე შემდეგ);
  • მონაცემთა ცენტრი უწყვეტი კონდიცირებით და ელექტრომომარაგებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად მძლავრი კომპიუტერებით (სერვერებით) და მონაცემთა საცავებით;
  •  შიდა კომპიუტერული ქსელი და კავშირი ინტერნეტის ქსელთან.

ჩამოთვლილი საჭიროებებისთვის აუცილებელ თანხებს რომ დააჯამებს, მომავალ ბიზნესმენს ხშირად საქმის წამოწყების სურვილი უქრება. პირველადი ინვესტიცია ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე კრიტიკული პრობლემაა.

ამ დროს გამოჩნდება ბიზნესმენის საუკეთესო მეგობარი: „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც საწყისი ხარჯები შეიძლება მკვეთრად შემცირდეს:

  • შეიძლება უარის თქმა ოფისის ქირაობაზე და თანამშრომლები სახლიდანაც ახერხებენ ეფექტურ მუშაობას;
  • კომპიუტერების შეძენის და შენახვის ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლები გამოვა;
  • მონაცემთა ცენტრი, უწყვეტი ელექტროენერგია (დიზელ-გენერატორის ჩათვლით), კონდიცირება და შიდა კომპიუტერული ქსელის მოწყობა საერთოდ არ იქნება საჭირო.

ყველა ჩამოთვლილ ამოცანას მომხმარებლისთვის ღრუბლოვანი სერვისების მომწოდებლები შეასრულებენ და გაწეული მომსახურებისთვისაც საკმაოდ მოკრძალებულ ანაზღაურებას მოითხოვენ.

ღრუბლოვანი გამოთვლების ყველაზე მარტივი განმარტება აქვს კემბრიჯის განმარტებით ლექსიკონს: ღრუბლოვანი გამოთვლები წარმოადგენს ისეთი კომპიუტერული პროგრამების და სერვისების გამოყენების მეთოდებს, რომლებიც ინახება და მუშაობს ინტერნეტში და არა თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე“[1]. „ღრუბლოვან“ გამოთვლებს ორი ძირითადი თვისება გააჩნია:

  • მოხმარებელს გადაეცემა კომპიუტერული რესურსები (პროგრამები, მეხსიერების დისკები, მთლიანი კომპიუტერები და სხვა მრავალი) ისე, რომ მან არ იცის, ფიზიკურად სად არის ისინი განთავსებული (არ ჩანს„ღრუბელშია“);
  • მომხმარებელი კი არ ყიდულობს, არამედ ქირაობს „ღრუბელში“ განთავსებულ კომპიუტერებს, მეხსიერების დისკებს, პროგრამებს და იხდის თანხას საჭიროებისამებრ იმ დროისთვის, რა დროის მანძილზეც ამა თუ იმ კომპიუტერულ რესურსს გამოიყენებს.

ამრიგად, თუ ადამიანი მოინდომებს თავისი ძალიან მოძველებული კომპიუტერის ახლით ჩანაცვლებას, ჯერ უნდა დაფიქრდეს და იანგარიშოს: ღირს თუ არა დაახლოებით 1000-1200 ლარის გადახდა ახალ „ქეისში“, რომელიც 2-3 წელიწადში ისევ გამოსაცვლელი იქნება, თუ სჯობს იგივე მონაცემების ვირტუალური კომპიუტერის „ღრუბელში“ ქირაობა და თუნდაც იგივე 1000 ლარის ნელ-ნელა ხარჯვა ე.წ. Pay-as-you-go (“გამოიყენე-გადაიხადე”) პრინციპით. კიდევ უფრო მეტი: კომპიუტერის გაძლიერებას თუ დააპირებს (ვიდეობარათის ჩასმა, პროცესორების დამატება, მეხსიერების გაზრდა და სხვა), მომხმარებელს „ღრუბელში“ მისი დაშლა კი არ დასჭირდებათ, არამედ მაუსზე რამდენჯერმე დაწკაპუნება და გაზრდისათვის საჭირო მონაცემების მითითება.

აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიმუშია იმ სარგებელზე, რომელიც „ღრუბლოვან“ სერვისებს მოაქვთ. ფინანსური დანახარჯების შემცირების და კომფორტის ამაღლების გამო ბოლო წლებში მათი გამოყენების ინტენსივობამ მკვეთრად იმატა. პრინციპი ვანაზღაურებთ არა პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისარამედ მისი გამოყენების ღირებულებას ძალიან მიმზიდველია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის.

ტექნოლოგიების, ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საკონსულტაციო კომპანია „გარტნერის“ მონაცემებით „ღრუბლოვანი“ სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წელს 200 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ბოლოს 330 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების გიგანტები Google, Amazon, Microsoft, IBM ამ პროცესს წინ მიუძღვიან, თუმცა უამრავმა სტარტაპმაც დღემდე წარმატებით გაუძლო კონკურენციას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს.

„ღრუბლოვანი“ სერვისების უამრავი ნაირსახეობა არსებობს, რომელთაგან სამი ძირითადი გამოირჩევა:

  • ინფრასტრუქტურული სერვისი (IaaS – Infrastructure as a Service) – „ღრუბელში“ საკუთარი ვირტუალური კომპიუტერის და სასურველი ოპერაციული სისტემის, HDD- ან SSD-დისკების და სხვა ანალოგიური რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • პლატფორმული სერვისი (PaaS – Platform as a Service– „ღრუბელში“ საკუთარი ორგანიზაციისთვის მთლიანი ინფორმაციული სისტემის შექმნის (ვებ-გვერდები, მონაცემთა ბაზები და სხვა მრავალი) საშუალებას იძლევა;
  • პროგრამული სერვისი (SaaS – Software as a Service– „ღრუბელში“ პროგრამების გაშვების და გამოყენების საშუალებას იძლევა.

ყველა ორგანიზაციას და მომხმარებელს სჭირდება კომპანია Microsoft-ის საოფისე პაკეტი MS Office, რომელიც შეიცავს ტექსტების რედაქტორს (Word), ელექტრონულ ცხრილს (Excel), პრეზენტაციების შექმნის და მართვის პროგრამას (PowerPoint) და ამასთანავე, საჭიროა მაღალფასიანი პროგრამები: MS Office 2019-ის ღირებულება $149.99-დან (სტუდენტებისთვის) $439.99-მდე (პროფესიონალებისთვის) მერყეობს. „ღრუბლოვან“ სივრცეში გადასვლით შესაძლებელია ანალოგიური პროგრამების ან სრულიად უფასოდ გამოყენება (MS Office Online) ან ბევრად ნაკლებ ფასად „ქირაობა“ (MS Office 365). მათი მოსინჯვა შესაძლებელია ვებგვერდზე[2], სადაც თავდაპირველად Microsoft-ის ერთიანი ანგარიშის შექმნაა საჭირო.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი MS Office Online-ს მთავარი ფანჯრიდან ნებისმიერი საოფისე თუ სხვა პროგრამის „ღრუბელში“ გაშვება არის შესაძლებელი.

Word-ის დოკუმენტში გადასვლით შეიძლება ტექსტური რედაქტორის მრავალი ფუნქციის და ღილაკების გამოყენება საკმაოდ რთული დოკუმენტების შესაქმნელად.

MS Office Online-ს „ყველაფრის“ გაკეთება არ შეუძლია და შესამჩნევია, რომ ფუნქციების რაოდენობითაც ჩამორჩება ჩვეულებრივ კომპიუტერში დაყენებულ საოფისე პროგრამებს. ფასიანი „ღრუბლოვანი“ პროგრამის, MS Office 365-ის, გამოყენებისას „ღრუბელში“ სრული საოფისე პაკეტია ხელმისაწვდომი.

Office.com-ის საწყის ფანჯარაში OneDrive-ზე გადასვლით გადმოდის ონლაინ-დისკი, სადაც ჩვეულებრივი კომპიუტერის ფაილური სისტემის მსგავსად, შესაძლებელია საქაღალდეებისა და ფაილების შენახვა, შეცვლა, დაკოპირება, გადატანა და წაშლა. ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით შექმნილი Word-ის დოკუმენტიც იქნება ასახული.

OneDrive, ისევე როგორც Google Drive, Dropbox (რომელსაც საქართველოში ბევრი იყენებს) და სხვა „ღრუბლოვანი“ საცავები წარმოადგენენ უკვე არა SaaS, არამედ IaaS-სერვისებს (IaaS – Infrastructure as a Service).

ერთერთ მათგანს Mega ეწოდება – ვებგვერდ mega.nz-ზე შესვლით და ანგარიშის შექმნით (Create an account, პირადი მონაცემების შეყვანა, Create Account) გაიხსნება ფაილური საცავი, რომელიც უფასოდ 15 გიგაბაიტ მეხსიერებას სთავაზობს მომხმარებელს და ფაილების უსაფრთხო შენახვის გარანტიას იძლევა

ერთიან პროექტზე რამდენიმე ადამიანის მუშაობისას, სასურველია მათ ერთიანი ფაილური სივრცე ჰქონდეთ, სადაც საერთო თემების ირგვლივ შექმნილი და ერთად დასარედაქტირებელი ფაილები განთავსდება. კომპანია Google-ის „ღრუბლოვანი“ სერვისების პაკეტში G-Suite შედის უმაღლესი სასწავლებლებისთვის უფასო სერვისი Team Drive, რომელთან მიმართვაც შესაძლებელია ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელ. ფოსტის მისამართით. ნებისმიერ ვებ-ბრაუზერში ელფოსტის გვერდზე Google Apps-ზე გადასვლით (მარჯვენა ზედა კუთხეში) ხდება Drive-ზე შესვლა.

No comments:

Post a Comment

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები (ლიკა ვახანია)

                                                  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები         როცა ა დამიანი პერსპექტიული ბიზნესის დაწყებას გეგმავს, მას...